ბენ ჰოჯესი: მომდევნო სამი კვირა ომის ბედს გადაწყვეტს
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი უკრაინაში ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებას აფასებს.
ამერიკელი გენერლის აზრით, ომის მომავლის განსაზღვრაში მომდევნო სამი კვირა გადამწყვეტი იქნება. ჰოჯესის თქმით, სწორედ დროის ამ მონაკვეთში შესაძლოა მოხდეს ისეთი გარდატეხა, რამაც ვლადიმირ პუტინი აიძულოს შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
"თუ ჩვენ არ დავეხმარებით უკრაინელებს გაანადგურონ რუსები ახლა, ეს გაიწელება თვეები და რუსეთი გააგრძელებს ტაქტიკას, რომლის მთავარი მიზანიცააა დაცალოს უკრაინა სისხლისგან. მაგრამ თუ ჩვენ უკრაინელებს დავეხმარებით რუსების განადგურებაში ახლა, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე უკრაინის პოზიციები გაცილებით უფრო ძლიერი იქნება."
ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და წარმატებით გადავიდნენ კონტრ-შეტევაზე.
მათ შორის ამ დროისთვის ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია კიევის რაიონი ქალაქები ბუჩა, ირპენი, ჩერნიჰოვი. სამხედრო ექსპერტების და დასავლური დაზვერვების აზრით, მომდევნო კვირებში რუსეთი დონბასზე იქნება კონცენტრირებული, თუმცა დიდი ქალაქებისთვის საფრთხე კვლავ არსებობს.