ბერბოკი ბერლინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 9 მაისს, ბერლინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განს მიიღებს. ამის შესახებ 8 მაისს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ ბურგერმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ბერბოკის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, "აზრების ორმხრივი გაცვლის გაგრძელებაა."

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის აგრესიასაც შეეხება.

"ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ საკითხში და ეს არის ძალიან, ძალიან მაღალი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი", - თქვა სპიკერმა. მისი თქმით, გერმანია და ევროპა "უზარმაზარი ინტერესით" მიჰყვებიან "ყოველ ნაბიჯს, ყველა ზომას", რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს "ამ აგრესიის საბოლოო შეწყვეტას."

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრა ჯერ არ არის დაგეგმილი. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიის გარდა, ცინი საფრანგეთსა და ნორვეგიას ეწვევა. ევროპაში მისი ვიზიტი შესაძლოა ტაივანის საკითხის განხილვასაც დაეთმოს.

პეკინმა გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვიზიტი გადადო

იმავდროულად, ჩინეთის მთავრობამ პეკინში გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის ვიზიტი გადადო. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს სპიკერმა 8 მაისს, ბერლინში განაცხადა, რომ ჩინეთმა ინციდენტი "შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მიზეზებს" მიაწერა. 

"შეხვედრა, რა თქმა უნდა, მოგვიანებით შედგება", - აღნიშნა მან. მისი თქმით, საუბარია არა სრულ გაუქმებაზე, არამედ მხოლოდ გადადებაზე. პეკინმა გერმანიას უკვე შესთავაზა ალტერნატიული თარიღი.

ლინდნერის საპარლამენტო ფრაქციაში ვიზიტის მოულოდნელი გადადება შეაფასეს, როგორც უპატივცემულობა და თავდასხმა არა მხოლოდ გერმანიის ფინანსთა მინისტრზე, არამედ პარტია თავისუფალ დემოკრატებზე (FDP).

პარტიაში ჩინეთის ქმედებებს FDP-ს წევრის და გერმანიის განათლების მინისტრის, ბეტინა სტარკ-ვაცინგერი ტაივანში ვიზიტს უკავშირებენ, რასაც პეკინის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მინისტრმა ტაივანთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ეს ბოლო 26 წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობის წევრის პირველი ვიზიტი იყო ტაივანში.

მსგავსი სიახლეები