ბერბოკი: მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმონ აღიარება და დაუბრუნდნენ მინსკის შეთანხმებას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანელენა ბერბოკი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.
ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს გააუქმოს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აქტი და დაუბრუნდეს დიპლომატიურ ძალისხმევას მინსკის ხელშეკრულების ფარგლებში.
"დღევანდელი აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემაძრწუნებელ ფაქტს წარმოადგენს, ამავდროულად ეს ნაბიჯი აყენებს სერიოზულ დარტყმას იმ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც საკითხის მშვიდობიან და პოლიტიკურ გადაჭრას ემსახურებოდა".
ბერბოკის თქმით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. "მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმონ დღევანდელი აღიარება და დაუბრუნდნენ დიპლომატიური და პოლიტიკური გადაწყვეტის გზას, მინსკის შეთანხმებების მიხედვით",- განაცხადა ბერბოკმა.
ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკები" რამდენიმე საათის წინ აღიარა.