ბერბოკმა რუსული საფრთხის ფონზე ლიეტუვას მხარდაჭერა აღუთქვა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ლიეტუვას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა რუსული საფრთხის ფონზე.
"ჩვენი ალიანსი და მეგობრობა პროპაგანდითა და მუქარით არ დაიშლება", - განაცხადა ბერბოკმა 11 ნოემბერს, ბერლინში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება გერმანიის უსაფრთხოებაა".
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა "ნაკისრი ვალდებულებების 100 პროცენტით ერთგულია". ბურბოკის თანახმად, ნატოს პროგრამის ფარგლებში ლიეტუვაში ბუნდესვერის თითქმის 1000 ჯარისკაცი და ოფიცერია დისლოცირებული.
ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობაში მყოფი ნატოს ბრიგადის სამხედრო პერსონალის ნაწილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქნება, ხოლო ნაწილი - ლიეტუვაში. ამასთან, გათვალისწინებულია გერმანიაში მყოფი სამხედროების ლიეტუვაში რამდენიმე დღეში გადაყვანის შესაძლებლობა.
"ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად", - დასძინა ბერბოკმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ლიეტუვაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობას.
თავის მხრივ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა ძალიან აფასებს გერმანიის მხარდაჭერას. ის დარწმუნებულია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს ჯარების გაძლიერება რუსეთის გეგმებზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზაა.