ბერძენი ფერმერები სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებას ითხოვენ

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქუჩაში გამოსულმა ფერმერებმა წარმოების ხარჯების ზრდა და ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული რეფორმები გააპროტესტეს.

დემონსტრანტების განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 2013 წლიდან 550 მილიონი ევროთი შემცირდა. ფერმერები დაფინანსების ზრდას, გადასახადების შემცირებას, იმპორტირებული პროდუქტის კონტროლს, ასევე, ელექტორენერგიისა და საწვავის გაიაფებას მოითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი მაგისტრალების ტრაქტორებით გადაკეტვას აანონსებენ. გარდა ამისა, აღნიშნეს, რომ 6 თებერვალს მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციას გამართავენ, სადაც ვითარების ესკალაცია/დეესკალაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული მევენახეები, უკვე მიღებული 2000 ევროს დახმარების გარდა, დამატებით 5000-დან 10 000 ევრომდე მიიღებენ. ამას გარდა, მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის დასახმარებლად, საბიუჯეტო შეზღუდვების ფარგლებში, შესაბამისს ზომებს მიიღებს. 

„ის თანხა, რასაც პრემიერ-მინისტრი წარმოების ხარჯების შესამცირებლად გვაძლევს, უმნიშვნელოა. თუ მას სურს, რომ საბერძნეთში დავრჩეთ და ემიგრაციაში არ წავიდეთ, ჩვენი პრობლემები უნდა მოაგვაროს“, - კოსტას ძელასი, ფერმერთა ფედერაციის ლიდერი.

ხელისუფლებამ ფერმერებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მათი პრობლემების განხილვა შესთავაზა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უკანასკნელი რაღაც არის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“ - კოსტას ძელასი, ფერმერთა ფედერაციის ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ ფერმერთა აქციები ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში იმართება.

პორტუგალიელი ფერმერები ადექვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.

გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.

ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას მოითხოვენ.

 

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა. აქციის მონაწილეებმა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასები, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკა და გაზრდილ ბიუროკრატია გააპროტესტეს. 

მსგავსი სიახლეები