ბერლუსკონი: პუტინმა არაყი მაჩუქა და თბილად მომიკითხა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, როგორც ჩანს ტყუილად არ მიიჩნევა ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო ევროპელ მოკავშირედ, რაც კიდევ ერთხელ, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ჩანაწერებით განმტკიცდა.
აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერლუსკონი საკუთარი პარტიის "Forza Italia"-ს წევრებს, ვლადიმერ პუტინთან "აღდგენილ ურთიერთობაზე" ესაუბრება.
"პუტინმა საჩუქრად 20 ბოთლი არაყი და წერილი გამომიგზავნა, სადაც თბილად მომიკითხა. სანაცვლოდ, 20 ბოთლი ლამბრუსკოთი (წითელი შუშხუნა ღვინო) და მსგავსი წერილით ვუპასუხე"- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
LaPresse-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ბერლუსკონის საჩუქარი 29 სექტემბერს, დაბადების დღის მისალოცად გაუგზავნა.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გავრცელებულ ჩანაწერში აქტიურად იყენებს რუსულ ნარატივს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საფუძველზე, დასავლეთს ომში ჩართულ ძალად მიიიჩნევს.
"Forza Italia" ჯორჯა მელონის ახალი კოალიციური მთავრობის ნაწილია და საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობებზე აცხადებენ პრეტენზიებს, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, რამაც ეს საუბარი კიდევ უფრო რეზონანსული გახადა.
ჩანაწერების ირგვლივ მიმდინარე სკანდალს ბერლუსკონის წარმომდგენლები გამოეხმაურნენ, მათი განცხადებით, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძველ ამბავს იხსენებდა და პუტინთან ურთიერთობის აღდგენას ახლა არ გულისხმობდა.
უკრაინასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ სკანდალური განცხადება, სილვიო ბერლუსკონიმ 22 სექტემბერს, ჟურნალისტთან საუბარში, ღიად გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ რუსებს კიევში შესვლა, ზელენსკის მთავრობის "წესიერი ხალხით ჩანაცვლება" და უკან გამოსვლა სურდათ.