ბერნსი: აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინა წელს მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაკარგავს

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ცნობით, ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა მიმდინარე წელს დამატებით ტერიტორიებს დაკარგავს. 

ამის შესახებ უილიამ ბერნსმა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამოსავლისას განაცხადა. 

"დამატებითი ასიგნებების სახით, არსებითი დახმარების გარეშე, ვფიქრობ წინ უფრო პირქუში მომავალია - მოსალოდნელია, რომ უკრაინა დაკარგავს დამატებით ტერიტორიებს და მნიშვნელოვან ტერიტორიებს მიმდინარ წელს",- განაცხადა ბერნსმა. 

CIA-ის დირექტორის ცნობით, უკრაინას უმთავრდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა, ხოლო ვაშინგტონს კიევის დახმარებისთვის საჭირო დრო. ამასთანავე ბერნსი აღნიშნავს, რომ ამერიკული დახმარების გაგრძელებით უკრაინელები შეძლებენ არამხოლოდ ფრონტის გამაგრებას, არამედ 2024-25 წლების მიჯნაზე ინიციატივის დაბრუნებას და გამჭოლი დარტყმების განხორციელებას. 

კონგრესმენებმა მოუსმინეს აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსსაც. ევრილ ჰეინსის თქმით, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული სირთულეებითა და გაურკვევლობით რუსეთი სარგებლობს და წინ მიიწევს ბრძოლის ველზე. 

"შექმნილ მდგომარეობაში ბალანსი სულ უფრო მეტად იხრება მოსკოვის სასარგებლოდ",- თქვა ჰეინსმა. 

კონტექსტი 

მიმდინარე წლის დასაწყისში ბერნსი ამბობდა, რომ უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდის პერიოდი იქნება - "თუ კი აშშ ჩამოშორდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ამით გავიტანთ ისტორიული მნიშვნელობის გოლს საკუთარ კარში."

მსგავსი სიახლეები