ბლინკენის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყება. ამის შესახებ მან Funke Media Group-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მზადაა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში დაეხმაროს და "ეს მოიცავს კონტრშეტევას, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს კვირებში დაიწყება."
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ყირიმის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება უკრაინამ თავად უნდა მიიღოს. მან განაცხადა, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელობაზე.
კონტექსტი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დააზუსტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შესაძლოა აპრილში ან მაისში დაიწყოს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა 5 აპრილს გავრცელებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "პლანეტაზე ოთხ ან ხუთ ადამიანზე მეტმა არ იცის კონტრშეტევის დეტალები."