ბლინკენმა ბელორუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა
შეერთებული შტატები გმობს ბელორუსში 1500-ზე მეტი პოლიტპატიმრის დაკავებას და ლუკაშენკას რეჟიმს მოუწოდებს მათ "დაუყოვნებელ და უპირობო" გათავისუფლებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 20 მაისს, ბელორუსი პოლიტპატიმრების სოლიდარობის დღის წინა დღეს განაცხადა.
"ეს კაცები და ქალები დააპატიმრეს თავიანთი ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ბრძოლისთვის, გაყალბებული არჩევნების ან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაპროტესტებისთვის. ბევრი სასამართლო პროცესი ჩატარდა დახურულ კარს მიღმა, შეზღუდული იყო საზოგადოებრივი კონტროლი და ანგარიშვალდებულება", - თქვა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბოლო დროს ბელორუსის ხელისუფლება ცდილობს პოლიტპატიმრებს გარე სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი აუკრძალოს. ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახები და კანონიერი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მათთან დაკავშირებას ან იმის გარკვევას, თუ სად იმყოფებოდნენ ისინი.
"ჩვენ ვიმეორებთ მტკიცე სურვილს, მივაღწიოთ ლუკაშენკას რეჟიმის მიერ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მოვუწოდებთ ბელორუსს შეასრულოს თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს", - განაცხადა მან.