ბლინკენმა ოცნებისა და მათი ოჯახის მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ქართული ოცნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა დააანონსა, რომელიც სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

ამის შესახებ ენტონი ბლინკენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონი გახდა - "რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სტიგმატიზებას მოახდენს ორგანიზაციების, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა."

სახელმწიფო დეპარტამენტი რეპრესიულს უწოდებს იმ პრაქტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ უთანხმოებაზე საპასუხოდ გამოიჩინა. 

"სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით"- ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთანავე ჯერჯერობით კონკრეტულ პირთა ჩამონათვალი, რომელთაც სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდებათ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა -  "ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ - ამ პოლიტიკის მიხედვით, შეიძლება არ აღმოაჩნდეს აშშ-ს ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლება. შეზღუდვები შესაძლოა გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც."

 

მსგავსი სიახლეები