ბოლო კვირის განმავლობაში ევროპაში გაზის ფასი 20%-ით გაიზარდა
ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე პარასკევს 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა 1 065 დოლარს მიაღწია, რაც გასული კვირის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
მთელი კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირით ვაჭრობის მთავარ ევროპულ ბაზარზე TTF [ნიდერლანდები] გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 1 000-დან 1 100 დოლარამდე მერყეობდა.
ბუნებრივი აირის ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკორდულად იზრდება. გასული წლის 21 დეკემბერს ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ახალი რეკორდი დაფიქსირდა - 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასმა 2 150 დოლარი შეადგინა.
ეს პირდაპირ პროპორციულად აისახა რუსეთის გაზის ექსპორტიორ სახელმწიფო მონოპოლისტ გაზპრომზე - გასული წლის პირველ 3 კვარტალში გაზპრომის მოგებამ რეკორდული 1.5 ტრილიონი რუბლი [$1.9 მილიარდი] შეადგინა.
გაზპრომში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ევროპული გაზის მოთხოვნის 53%-ს აკონტროლებენ.
გუშინ, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობის ფონზე რუსეთისგან ალტერნატიული გაზის ბაზრების ათვისება განიხილეს ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 31 იანვარს თეთრ სახლს კატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ას-სანი ეწვევა. კატარის მმართველს ვიზიტს ვაშინგტონში ევროპაში წარმოქმნილ ენერგეტიკულ კრიზისს უკავშირებენ.