აზერბაიჯანი EU-სგან გახანგრძლივებულ გაზის კონტრაქტებსა და ინვესტიციას მოითხოვს
აზერბაიჯანს ევროკავშირისგან გაზის ექსპორტის კონტრაქტების გახანგრძლივება და ინფრასტრუქტურის გაფართოებაში ინვესტიცია სურს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამადოვმა, Financial Times-თან ისაუბრა.
მისი თქმით, სამხრეთის კორიდორის (მილსადენის, რომლის მეშვეობითაც ევროპას აზერბაიჯანიდან გაზი მიეწოდება) გაფართოებას მილიარდობით დოლარის ინვესტიცია და უფრო ხანგრძლივი კონტრაქტები დასჭირდება.
ივლისში ბრიუსელსა და ბაქოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი 2027 წლამდე აზერბაიჯანისგან წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.
აზერბაიჯანული მხარისთვის ხუთწლიანი კონტრაქტი ზედმეტად ხანმოკლეა:
"ამჟამად ევროკავშირი ალტერნატიულ მომმარაგებლებს ეძებს. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სპონტანურად გაზრდილი მოთხოვნა არაა და ერთ დღეს იმით არ დასრულდება, რომ ისევ რუსეთისგან დაიწყებენ გაზის ყიდვას და ჩვენ გვეტყვიან, რომ ჩვენი გაზი აღარ სჭირდებათ", - აცხადებს ელნურ მამადოვი.
მისი თქმით, აზერბაიჯანი მზადაა, ინვესტიციისთვის თავისი წილი გაიღოს, თუმცა ელოდება, რომ ევროკავშირი ნაბიჯს აუჩქარებს.
"ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ინვესტიციით, საჯარო პირი იქნება თუ კერძო, მათ მაგიდაზე ფული უნდა დადონ, რათა მოცულობები გავზარდოთ", - ამბობს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის ექსპორტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგანაც ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
თუ 2022 წლის დასაწყისში ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთისგან იღებდა, ახლა ეს რიცხვი 10%-ს ჩამოცდა.