ბრიანსკის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ ნავთობსაცავს ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, უკრაინის საზღვრიდან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ კლინციში ნავთობის საცავს ხანძარი გაუჩნდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებდა.
რუსული მედიის ცნობით, ოთხი ნავთობის ავზი დაიწვა და ცეცხლი 1000 კვ/მ ფართობზე გავრცელდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ხანძრის ჩასაქრობად 13 ავტოცისტერნა იქნა მობილიზებული.
როგორც რუსული, ასევე უკრაინული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავზე თავდახმამდე, 18 იანვარს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ჩამტვირთველ მთავარ ტერმინალზე განახორციელა შეტევა.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს, რომ უპილოტო თვითმფრინავი ქალაქ კლინციში, უკრაინის ჩერნიჰივის ოლქიდან 100 კილომეტრის მოშორებით, ელექტრონული ჩაკეტვის მეთოდების გამოყენებით იქნა დაჭერილი. მისი თქმით, დრონი კლინცის ნავთობის საცავში დაეშვა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი ადგილობრივი დროით 06:40 საათზე ჩამოაგდეს და მისი განადგურებით „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა“.