BRICS-ის სამიტი: სი ძინპინი მნიშვნელოვან ღონისძიებას გაუფრთხილებლად არ დაესწრო

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში მიმდინარე BRICS-ის სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ყველასათვის მოულოდნელად ბიზნეს-ფორუმი გამოტოვა, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო.

BRICS-ი ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკისგან შემდგარი ეკონომიკური ჯგუფია, რომლის სამიტიც ყოველწლიურად იმართება.

სი ძინპინი იოჰანესბურგში სამშაბათს ჩავიდა, თუმცა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ბიზნეს ფორუმზე თავის ნაცვლად ვაჭრობის მინისტრი გაუშვა, მან კი ის სიტყვა წაიკითხა, რომელიც სი ძინპინს უნდა წარმოეთქვა.

ფორუმის გამოტოვების შემდეგ, სი ძინპინი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის მიწვევით სადილს დაესწრო, რომელზეც ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები და სერგეი ლავროვი იყვნენ.

რამდენადაც ვლადიმირ პუტინზე დაკავების საერთაშორისო ორდერია გაცემული, ის სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა და ბიზნეს ფორუმზე სიტყვა ონლაინ წარმოთქვა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სი ძინპინის ქმედება უჩვეულოა - ჩინელებს მაღალი დონის შეხვედრებზე გეგმებისგან გადახვევა არ ახასიათებთ.

ბრაიან ჰარტი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან ამბობს, რომ სი ძინპინის ფორუმზე არყოფნას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონოდა:

"როგორც ჩანს, სი რაღაცამ შეაფერხა. შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინციდენტი ყოფილიყო ან ისეთი საკითხი, რაც მის ყურადღებას საჭიროებდა", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები