ბრიტანეთი მზად არის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა

დიდი ბრიტანეთი მზად არის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა, თუ ამის შესახებ მას კიევი ოფიციალურად მიმართავს, აცხადებს გაეროში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენელი ბარბარა ვუდვორდი.

მსგავსი პოზიცია გააჟღერა ბორის ჯონსონის პრეს-სპიკერმა. პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ბრიტანეთი აშშ-სთან და თურქეთთან ერთად უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტად ყოფნას არ გამორიცხავს.

გუშინ უკრაინის დელეგაციამ სტამბულში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში რუსული მხარისთვის წაყენებული შეთავაზებები გააჟღერა.

უკრაინა ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და ნატოში გაწევრებაზე უარის თქმას აპირებს იმ პირობით, თუ მას დადებული ხელშეკრულების მხარეები უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.

გარანტორ ქვეყნებს უკრაინაზე რუსული აგრესიის განახლების შემთხვევაში კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულება ექნებათ.

ვუდვორდმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.

გამოცემა Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო უკრაინის ახალი ტიპის შეარაღებით მომარაგებას განიხილავს.

წყაროს თანახმად, კიევის შორი მოქმედების სისტემები (მათ შორის მძიმე არტილერია) სჭირდება, რათა აღმოსავლეთით რუსეთის პოზიციებზე დარტყმები განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები