ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 ჯარისკაცს გაგზავნის

 

გაერთიანებული სამეფო უახლოეს მომავალში პოლონეთში 350 საზღვაო ქვეითს გაგზავნის.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ლონდონში, მის პოლონელ კოლეგასთან, მარიუშ ბლაშაკთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უოლესის თქმით, 350-კაციანი კონტინგენტი პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან დისლოცირებულ 100 ბრიტანელ სამხედროს შეუერთდება.

ამას გარდა, ნატოს გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნის პროგრამის ფარლებში პოლონეთში კიდევ 150 ბრიტანელი ჯარისკაცი მსახურობს.

კონტინგენტის განთავსების გადაწყვეტილება მხარეებმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

"ეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია", -  განაცხადა ბლაშაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ასევე შეეხო ლონდონს, ვარშავასა და კიევს შორის თავდაცვის ახალი ალიანსის ფორმირებას და განაცხადა, რომ მხარეები მემორანდუმის ხელმოწერასთან ახლოს არიან.

„ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოტენციური რუსული აგრესიის შეკავება მხოლოდ დამაჯერებელ შეკავებას შეუძლია. დაშოშმინების პოლიტიკა პოტენციურ მტერს მხოლოდ მოქმედებისკენ უბიძგებს.“ - ამბობს ბლაშაკი.

 


პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 1700 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ბელარუსში 30 000-მდე სამხედროს და მძიმე შეიარაღებულ ტექნიკას მოუყარა თავი.

10-20 თებერვალს მოსკოვი და მინსკი ბელარუს-უკრაინის საზღვართან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებენ. დასავლეთში ფიქრობენ, რომ შესაძლოა წვრთნები კრემლმა უკრაინაზე თავდასხმისთვის პლაცდარმად გამოიყენოს.

მსგავსი სიახლეები