ბრიტანეთი: რუსეთის "არჩევნები" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "საპრეზიდენტო არჩევნების" ორგანიზება უკანონოა.
"რუსეთს არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი, ჩაატაროს არჩევნები უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ხერსონის, ზაპორიჟიეს, დონეცკის, ლუჰანსკის ოლქებსა და ყირიმში. ეს ტერიტორიები რჩება უკრაინის შემადგენლობაში," - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
პარასკევს შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე "არჩევნების" ორგანიზება.
"არჩევნები" ასევე გაეროს თითქმის 60-მა ქვეყანამ დაგმო ერთობლივ განცხადებაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წინასწარ, სარკასტულად მიულოცა პუტინს "არჩევნებში გამარჯვება" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროცესი არ შეიძლება ჩაითვალოს ნების დემოკრატიულ გამოხატვად.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს არც ერთ რეალურად ოპოზიციურ ან ომის მოწინააღმდეგე კანდიდატს. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას აკრიტიკებენ.
15 მარტს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ონლაინ მისცა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ონლაინ ხმის მიცემა წელს პირველად დაუშვეს.