ბრიტანეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს
დიდი ბრიტანეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის კრიტიკას მოჰყვა.
კერძოდ, გასულ კვირას, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დამაკავშირებელი სრუტის პირას მდებარე ქალაქ კალეში მყოფ უკრაინელებს, ვიზის მისაღებად ბრიტანულ წარმომადგენლობაში - პარიზში ან ბრიუსელში გამგზავრება ურჩიეს.
საქმე ის არის, რომ აქამდე ბრიტანეთის ვიზის მისაღებად უკრაინელები ფიზიკურად უნდა მისულიყვნენ გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლობებში და ჩაებარებინათ ბიომეტრული მასალა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, პრიტი პატელის თქმით, მომდევნო კვირიდან უკრაინელებს სავიზო აპლიკაციის შევსება მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, ონლაინ შეეძლებათ, ხოლო ბიომეტრიულ მასალას უკვე ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ ჩააბარებენ.
ამავდროულად, ძალაში რჩება უსაფრთხოების შემოწმების ზომები.
"ამ პროცესში ჩვენ ორი საკვანძო მიზანი გვაქვს - პირველი, ეს არის უზრუნველვყოთ ბრიტანელების უსაფრთხოება და მეორე, ეს არის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს." - განაცხადა პატელმა.