ბრიტანეთის პარლამენტში ზელენსკისთვის რაინდის წოდების მინიჭებას ითხოვენ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ვოლოდიმირ ზელენსკისთვის რაინდის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოვიდნენ.
ამ წინადადებით, კონსერვატორი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ბობ სილი გამოვიდა:
"ზელენსკი ნამდვილი ლიდერია, მან მაგალითი მისცა თავის ხალხს არნახული სიმამაცის მომენტში."
კიდევ ერთმა კონსერვატორმა, ენდრიუ ბრიჯენმა განაცხადა, რომ ზელენსკი იმდენად შთამაგონებელი ლიდერია, რომ ვლადიმირ პუტინმა მის თავზე ჯილდოც კი დააწესა. "მოდით, ერთად მივანიჭოთ მას რაინდის წოდება".
გაერთიანებული სამეფოს დედოფალს შეუძლია რაინდის საპატიო წოდების მინიჭება ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არ არიან. როგორც წესი, ეს დიდი ბრიტანეთისა და მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლო საქმეში შეტანილი წვლილისთვის ხდება.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ დედოფალი ზელენსკის მიანიჭებს რაინდის ტიტულს, ის ვერ ისარგებლებს სერის ტიტულით, ამისთვის აუცილებელია დიდი ბრიტანეთის ან ბრიტანული თანამეგობრობის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტს გასულ კვირას სიტყვით მიმართა, რასაც დეპუტატების ოვაციები მოჰყვა. პრემიერმა ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა საუკუნეების განმავლობაში საუკეთესოდ შეაფასა.