ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის შემდეგი პრემიერი
ბორის ჯონსონმა ხუთშაბათს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გადადგომას გეგმავს, თუმცა ეს მაშინ მოხდება, როდესაც კონსერვატორული პარტია ახალ ლიდერს აირჩევს.
გუშინ ბრიტანეთის მთავრობა პროტესტის ნიშნად ათეულობით მინისტრმა დატოვა. მათ შორის იყვნენ ხაზინის კანცლერი (ფინანსთა მინისტრი) რიში სუნაკი და ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი. დღეს დილით კი გუშინ დანიშნულმა კანცლერმა, ნადიმ ზაჰავიმ გაავრცელა განცხადება, სადაც ჯონსონს მოუწოდა, რომ გადამდგარიყო.
ჯონსონის მთავრობაში მორიგი კრიზისის მიზეზი ამჯერად კოლეგა პარლამენტერების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული დეპუტატის, კრის პინჩერის საპარლამენტო თანამდებობაზე დანიშვნა გახდა. პინჩერის მიერ კოლეგების შევიწროების ფაქტებზე ცნობები ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა - ჯონსონის ოფისი ამბობდა, რომ პინჩერის დანიშვნის მომენტში მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ახალ ლიდერს პარტიის ყრილობაზე ოქტომბერში, ბირმინგემში აირჩევენ.
ბორის ჯონსონის ჩანაცვლების მთავარი პრეტენდენტები კი მისი მთავრობის ყოფილი წევრები რიში სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი არიან.
როგორ ირჩევენ კონსერვატორული პარტიის ლიდერს?
პარტიის ლიდერობის არჩევნების პირველი ეტაპზე კონსერვატიული პარტიის 358 დეპუტატი მონაწილეობს კენჭისყრაში. პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ლიდერს კი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 180 000 წევრი აირჩევს.
ვინ შეიძლება შეცვალოს ბორის ჯონსონი?
ლიზ ტრასი
საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ბოლო პერიოდის სკანდალების განმავლობაში ჯონსონის ერთგული მხარდამჭერი იყო. ამის პარალელურად ის საკუთარ "ქორის" იმიჯს აყალიბებდა მოსკოვთან დაპირისპირებისას უკრაინაში შეჭრისას და ბრიუსელთან დაპირისპირებისას ბრექსიტის გამო. ის დიდი ხანია განსაკთურებული პოპულარობით სარგებლობს კონსერვატორული პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებში.
ტრასი თავისუფალი ბაზრისა და ვაჭრობის აქტიური მხარდამჭერია და მისი საპარლამენტო საქმიანობისას ყოველთვის მსგავს იდეებს აჟღერებდა.
2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმისას ის ევროაკვშირში დარჩენას უჭერდა მხარს. თუმცა 2017 წელს მან განაცხადა, რომ ახალი რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში ბრექსიტს მისცემდა ხმას.
ტრასი "Woke Culture-ის" და პოლიტკორექტულობის აქტიური კრიტიკოსია. ის აცხადებდა, რომ კონსერვატორულმა პარტიამ უარი უნდა უთხრას იდენტობის პოლიტიკის ნულოვანი ჯამის თამაშსა და არალიბერალურ "გაუქმების კულტურას".
როგორც მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი უკრაინის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2022 წლის 27 თებერვალს BBC-სთან ინტერვიუში ტრასმა შეკითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს უკრაინაში ბრიტანეთის მოქალაქეების მოხალისედ წასვლას, უპასუხა, რომ ამას "აბსოლუტურად" უჭერს მხარს.
რიში სუნაკი
ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, როგორც მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი ბრიტანთის მთავრობაში და COVID-ის მხარდაჭერის პროგრამების პოპულარული სახე, ოდესღაც ჯონსონის აშკარა მემკვიდრედ ითვლებოდა. მაგრამ ის პრემიერთან ერთად დააჯარიმეს "პარტიგეიტის" სკანდალის გამო, როდესაც სუნაკი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ლოქდაუნის წესების დარღვევით წვეულებას ესწრებოდა. ამის შემდეგ მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად დაეცა.
რიში სუნაკი ბრექსიტის რეფრენდუმზე ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას უჭერდა მხარს. მან Centre for Policy Studies-თვის (ტეტჩერისტული კვლევითი ორგანიზაცია) ანგარიში დაწერა, სადაც ბრექსიტის მერე ბრიტანულ პორტებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას უჭერდა მხარს.
პოლიტიკოსი განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსის პანდემიისას გახდა, როდესაც ის სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროგრამებს წარადგენდა. 2020 წლის 11 მარტს მან პარლამენტს პირველი ანტი-კრიზისული ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც დამატებით 30 მილიარდი ფუნტის დახარჯვას მოიცავდა, საიდანაც 12 მილიარდი კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტებთან საბრძოლველად დაიხარჯა. 17 მარტს კი მან 330 მილიარდი ფუნტის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა წარადგინა, რომლითაც სახელმწიფომ დასაქმებულებისთვის ხელფასის 80%-ის ანაზღაურება შეძლო, რაც თვეში დაახლოებით 2 500 ფუნტი იყო თითოეული მოქალაქისთვის.
2022 წლის 5 ივნისს რიში სუნაკი კონსერვატორი დეპუტატის, კრის პინჩერის სკანდალის გახმაურების შემდეგ გადადგა.
დომინიკ რააბი
დომინიკ რააბი ბრიტანეთის მოქმედი ვიცე-პრემიერია და ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი სწორედ ის იქნება. ის ამჟამად ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრია.
დომინიკ რააბი ბრექსიტის აქტიური მხარდამჭერი იყო. ის ევროკავშირს კორუფციასა და საბიუჯეტო თანხების ფლანგვაში ადანაშაულებდა. ბრექსიტის კამპანიისას ის აცხადებდა, რომ ევროაკვშირის დატოვების შემდეგ ბრიტანთი უფრო გლობალური გახდებოდა და უფრო აქტიურად ივაჭრებდა აზიასა და ლათინურ ამერიკაში.
2019 წლის 25 მაისს რააბმა განაცხადა, რომ კონერვატორული პარტიის ლიდერად იყრიდა კენჭს. ის მეექვსე ადგილზე გავიდა და კენჭისყრის შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხა. შემდეგ ტურში კი მხარი ბორის ჯონსონს დაუჭირა.
ჯერემი ჰანტი
2019 წლის კონერვატორული პარტიის ლიდერის არჩევნებში მეორე ადგილი სწორედ ჯერემი ჰანტმა დაიკავა (პარტიის წევრების 33.6%-ის ხმები მიიღო). ის შედარებით ზომიერ და სტაბილურ ალტერნატივად პოზიციონირებდა.
სხვადასხვა დროს პოლიტიკოსი სპორტის, ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციებს იკავებდა.
ჰანტი 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. Financial Times-მა მას "მეტროპოლიტური ლიბერალი" უწოდა.
ამჟამად ის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, სადაც ჯონსონის მთავრობის მიერ პანდემიის მართვას იძიებენ.
ბენ უოლესი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის პოპულარობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის უკრაინელებისთვის შეიარაღების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო მსოფლიოში. ბრიტანეთის არმიის ვეტერანი და ჯონსონთან დაახლოებული უოლესი დიდი პოპულარობით სარგებლობს კონსერვატორული პარტიის ყველაზე აქტიურ და რადიკალურ მხარდამჭერებში, ასევე პარტიის დეპუტატებში.
უოლესი 2016 წლის რეფერენდუმზე ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს.
2019 წელს ის ბორის ჯონსონმა თავდაცვის მდივნად დანიშნა.
2020 წელს The Sunday Times-თან იტერვიუში უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უნდა მოემზადოს ამერიკის გარეშე ომისთვის. მისი თქმით, აუციელებელია გაერთიანებული სამეფო არ იყოს აშშ-ზე ასე დამოკიდებული უსაფრთოხების საკითხებში.
2022 წლის 11 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი მის რუს კოლეგას შეხვდა. მეორე დღეს მან განაცხადა, რომ რუსეთი მაღალი ალბათობით დაიწყებდა უკრაინაში ინტერვენციას, ამიტომ ბრიტანეთის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
პენი მორდონტი
სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი წარსულში ბრიტანეთის პირველი ქალი თავდაცვის მდივანი იყო.
ევროკავშირის დატოვების რეფერენდუმისას ის ბრექსიტს აქტიურად უჭერდა მხარს.
მორდონტი ამჟამად ერთადერთი ქალი დეპუტატია, რომელიც სამეფო საზღვაო ძალების რეზერვისტია კაპიტნის წოდებით.
საჯიდ ჯავიდი
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრი იყო, რომელიც სკანდალების ფონზე ოთხშაბათს გადადგა.
სხვადასხვა დროს ის სპორტის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.
2016 წელს ჯავიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. იქამდე ის ევროკავშირის დატოვების რეფერენდუმი ჩატარების მომხრე იყო.
ბრიტანელი პოლიტიკოსი ისრაელის აქტიური მხარდამჭერია. ის აქტიურად ეწინააღმდეგება ისრაელის ბოიკოტირების მოძრაობას.