ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დასავლეთი პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს
მშვიდობისკენ მიმავალი უსწრაფესი გზა უკრაინელების ყველაფრით უზრუნველყოფაა, რაც მათ რუსეთის დასამარცხებლად სჭირდებათ. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მალტაში ვიზიტამდე, 5 თებერვალს, Times of Malta-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.
"რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა უკრაინაში, 1945 წლის შემდეგ, ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ეს ეჭვგარეშეა." - წერს კლევერლი.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ამბიციები უკრაინის დაპყრობით არ სრულდება. კლევერლის თქმით, პუტინს სურს მსოფლიო პოლიტიკა თავდაყირა დააყენოს და საერთაშორისო წესრიგი მთელი მსოფლიოს ძალადობისა და დაპყრობის ეპოქაში დაბრუნებით დაასრულოს.
"მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას. მალტა და დიდი ბრიტანეთი არასოდეს მიიღებენ მის შეჭრას უკრაინაში. არც მის ძალადობრივ ანექსიებს. მისი სასტიკი ქმედებები გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კლევერლის თქმით, პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში მთელი მსოფლიო გადაჭარბებულ ფასს იხდის - იზრდება სურსათისა და ენერგომატარებლების ფასები, ღარიბ ქვეყნებში კი შიმშილის საფრთხეა.