ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ირანს: შეწყვიტეთ ჰუტისების მხარდაჭერა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ირანი გააფრთხილა, იემენელი ჰუსიტი მეამბოხეების მხარდაჭერა შეწყვიტოს.
ამის შესახებ შაპსმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ირანს მოუწოდა აიძულოს ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებსაც ის მხარს უჭერს - ჰუსიტებიდან დაწყებული ლიბანში ჰეზბოლამდე - "შეაჩერონ უკანონო ქმედებები, რადგან ჩვენ, მსოფლიოს, მოთმინება გვეწურება."
"ირანი აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს (გემებზე თავდასხმებში - რედ.) და მან უნდა გააცნობიეროს, რომ რეგიონში მის ბევრ მარიონეტულ ჯგუფს უნდა აუხსნას, რომ ამით კარგი არაფერი გამოვა და ყველა წააგებს, თუ ისინი გააგრძელებენ ამ გზით წასვლას," - აღნიშნა მან.
შაპსმა უარი თქვა იმის თქმაზე, განახორციელებს თუ არა ბრიტანეთი მორიგ დარტყმას იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ, მაგრამ იმედი გამოთქვა ისინი გაიგებენ, რომ "ზღვარი მართლაც გადალახულია."
"არ შეიძლება გყავდეთ ბანდიტები, რომლებიც, ფაქტობრივად, ავიწროებენ საერთაშორისო გემებს და წარმოადგენენ უზარმაზარ რისკს. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, რომლებიც სრულიად არ არიან დაკავშირებული იმასთან, რაც ხდება ისრაელსა და ღაზას შორის კონფლიქტში, მხოლოდ დროის საკითხია," - თვლის ის.
კონტექსტი
12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით და ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდების და ბაჰრეინის მხარდაჭერით, ერთობლივი დარტყმები წამოიწყო იემენში ჰუსიტი მეამბოხეების სამიზნეებზე. ამის მიზეზი ჰუსიტების მიერ სამშაბათს, წითელ ზღვაში განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა იყო რაკეტებითა და დრონებით.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მისმა ოთხმა გამანაგურებელმა RAF Typhoon FGR4, რომელსაც ტანკერი Voyager უჭერდა მხარს, გამოიყენა Paveway IV-ის მართვადი ბომბები ორ სამიზნის გასანადგურებლად.
აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენატმა ალექს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელეს 60-ზე მეტ სამიზნეზე, მათ შორის სარდლობისა და საკონტროლო კვანძები, საბრძოლო მასალის საწყობები, გამშვები სისტემები, საწარმოო ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემები.