ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: მიუნხენის სურნელია
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა დასავლელი დიპლომატების მცდელობები, შეაჩერონ რუსული ინტერვენცია, მეორე მსოფლიო ომამდე ნაცისტურ გერმანიასთან დათმობებს შეადარა.
Sunday Times-თან საუბრისას უოლასმა განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში ჯარები შეიძლება “ნებისმიერ დროს გაგზავნოს”. მისი თქმით, ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს პოზიცია რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი არ არის.
“შესაძლოა პუტინმა ტანკები გათიშოს და ყველა სახლებში წავიდეთ, მაგრამ დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოსგან ჰაერში მიუნხენის სურნელი იგრძნობა”, - აღნიშნა უოლასმა.
1938 წელს მიუნხენის შეთანხმებით, დასავლური სახელმწიფოების შუამდგომლობით, გერმანიას ჩეხოსლოვაკიამ ტერიტორიები დაუთმო, თუმცა ამით ომის პრევენცია არ მოხდა.
“შემაშფოთებელი ის არის, რომ გაზრდილი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, სამხედროების მობილიზება გრძელდება. ეს არ შეჩერებულა, ისევ მიმდინარეობს,” - თქვა უოლასმა.