ბრიტანეთში რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა ამოქმედდა
2023 წლის 1 იანვარს ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი შეწყვიტა. ამ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
"დღეს დიდმა ბრიტანეთმა სრულად შეაჩერა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი. ჩვენ პუტინს შევუწყვიტეთ მისი უკანონო ომის დაფინანსება და მხარს ვუჭერთ მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში, მარტის დასაწყისში, განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე უარს იტყოდა რუსულ თხევად გაზზე.
მთავრობის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ 1 იანვრიდან გაერთიანებულ სამეფოში რუსული გაზის იმპორტზე აკრძალვა ამოქმედდა.
ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, 2021 წელს რუსული გაზი ქვეყნის მთლიანი მოხმარების 4%-ს შეადგენდა.