ბუდანოვი: 1 ნოემბრიდან უკრაინაში 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იბრძოლებს
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცის წვრთნა აღმოსავლეთ რუსეთში მიმდინარეობს. 1 ნოემბრიდან ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.
მისი თქმით, 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი დანაყოფი კურსკის რეგიონში გაიგზავნება. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სხვა სამხედრო შენაერთების შემდგომი გეგმების შესახებ.
"ამჟამად სრული სურათი არ გვაქვს," - აღნიშნა ბუდანოვმა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინაში თავის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს გაგზავნის.
12 ოქტომბერს ISW-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გადიოდა წვრთნას რუსეთის ფედერაციაში და მათი უკრაინაში გადასროლა შესაძლებელია.
13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს აწვდის არა მხოლოდ იარაღს, არამედ სამხედრო პერსონალს და პარტნიორებს მოუწოდა გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
14 ოქტომბერს, საღამოს გამოსცლაში მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ომში ფაქტობრივად ჩაერთო.
16 ოქტომბერს ზელენსკიმ დაამატა, რომ ჩრდილოეთ კორეა ასევე რუსეთს უგზავნის ხალხს, რომლებიც რუსულ ქარხნებში უნდა მუშაობდნენ.
17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში 10 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ჩართვას აპირებს.