ბუდანოვი: მედვედჩუკი ФСБ-ს სჭირდება

ღალატში ეჭვმიტანილი უკრაინის სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინამ 21 სექტემბერს პატიმრების გაცვლის ფარგლებში გადასცა რუსეთს, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა 22 სექტემბერს, კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბრიფინგზე Украинская правда-ს ჟურნალისტმა რომან კრავეტსმა მას ჰკითხა, როგორ დაიწყეს რუსებმა მედვედჩუკის მოთხოვნა. მან ბუდანოვს ასევე ჰკითხა, მონაწილეობდა თუ არა რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი მოლაპარაკებების პროცესში.

საპასუხოდ უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილი მალიუკმა არ ისაუბრა მოლაპარაკებებზე და ეს შეკითხვა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელისკენ გადაამისამართა. მან აღნიშნა, რომ მედვედჩუკის მონაწილეობა ამ პროცესში შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერაში იყო.

ბუდანოვმა თქვა, რომ ვერ გაამჟღავნებს დეტალებს პატიმრების გაცვლის კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების შესახებ, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს შემდგომი გაცვლა.

"ამ ყველაფრის გაგრძელების ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ, გადადოთ ამ კითხვაზე პასუხი, როცა ყველას დავიბრუნებთ, ყველა დეტალს გავამჟღავნებთ: ვისი მეშვეობით, ვისთან, როგორ დაუკავშირდნენ, რამ გამოიწვია და ა.შ. მაგრამ არა ახლა", - დასძინა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ФСБ-ს აგენტურული ქსელები მედვედჩუკის მიერ ფინანსდებოდა.

"ამ ეტაპზე მედვედჩუკი ყველაზე მეტად ФСБ-ს სჭირდება და არა კონკრეტულად ვინმეს. იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, ვისი მეშვეობითაც ფინანსდებოდა აქ სადაზვერვო ქსელები, ამ პიროვნების მეშვეობით ფინანსდებოდნენ ჩინოვნიკები და ზოგადად, ФСБ-ს საიდუმლო ბიუჯეტი ივსებოდა. ამიტომ ის უკიდურესად აუცილებელია. ეს არის როგორც გავლენის, ასევე ფულის გამომუშავების, თანხების გათეთრების საშუალება. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი ასე იბრძოდნენ მისთვის", - თქვა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა დასძინა, რომ მედვედჩუკი ФСБ-სთვის "მნიშნველოვანი ინფორმაციის მატარებელია".

მსგავსი სიახლეები