ბუდანოვი უკრაინის კონტრშეტევაზე: უახლოეს მომავალში ამას ყველა დაინახავს და შეიგრძნობს
უკრაინel სამხედროებს შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს კონტრშეტევაში, რაც აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მისი პარტნიორებისთვისაც.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა.
ინტერვიუს დროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვა "ვერ იმოქმედებს შეტევითი ოპერაციის რეალურ შედეგებზე."
მედიის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უკრაინის მომავალი კონტრშეტევა, სავარაუდოდ, "უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე გასული წლის ბლიც ოპერაცია", რომელმაც უკრაინის კონტროლის ქვეშ დიდი ტერიტორიები დააბრუნა.
თუმცა ბუდანოვი თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ კონტრშეტევაში პროგრესის მიღწევა.
"რა შედეგები მოჰყვება ამ ქმედებებს? ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამას ყველა დაინახავს და შეიგრძნობს", - განაცხადა მან.
დაზვერვის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ამ შეტევითი ოპერაციის წარმატება "უკიდურესად საჭიროა" - არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მათი მოკავშირეებისთვისაც, რომლებიც მათ აწვდიან ფინანსურ დახმარებას და საბრძოლო მასალას.
"გამარჯვებების გარეშე, ადრე თუ გვიან გაჩნდება კითხვები იმის შესახებ, ღირს თუ არა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება", - აღნიშნა მან.