ბულგარეთის პრემიერი: უნგრეთი და სერბეთი პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა უნგრეთი და სერბეთი დაადანაშაულა, რომ ისინი კრემლის "ომის მანქანას" ეხმარებიან, რადგან ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს არ ეძებენ.
დენკოვმა უნგრეთი და სერბეთი იმ ფონზე გააკრიტიკა, როცა ბულგარეთის მთავრობამ ახლახან შემოიღო გაზის იმპორტის გადასახადი.
"საკმარისი დრო იყო ალტერნატივების მოსაძებნად, რათა დავინახოთ, რომ ეს შემოსავლები მხარს უჭერს პუტინის საომარ მანქანას. ჩვენ აღარ შეგვიძლია ლოდინი. სინამდვილეში, ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო," - თქვა მან.
დენკოვმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ფასების გაზრდის უსაფუძვლო შიშის გაღვივებაში დაადანაშაულა.
ამასთან, ბულგარეთის ლიდერმა დასძინა, რომ მოლაპარაკებებისთვის ღიაა.
მანამდე ბულგარეთმა მიიღო კანონი, რომელიც 20 ბულგარული ლევის ოდენობით გადასახადს აწესებს მეგავატ/საათ რუსული წარმოშობის გაზზე, რაც მის ღირებულებას დაახლოებით 20%-ით ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ სოფია ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ენერგეტიკული შემოსავლები უკრაინის ომის დასაფინანსებლად, ამან ორი ქვეყნის - უნგრეთის და სერბეთის პროტესტი გამოიწვია, რომლებიც რუსული გაზის მიწოდებაზე არიან დამოკიდებული.