ჩავუშოღლუ ელის, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" მინიმუმ ორი თვით მაინც გაგრძელდება
შავი ზღვის "მარცვლეულის ინიციატივა" შეიძლება მინიმუმ ორი თვით გაგრძელდეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 10 მაისს, სტამბოლში, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
10 მაისს, სტამბოლში თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მონაწილეობით "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებების პირველი დღე იყო.
ჩავუშოღლუმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" იყო იმ საკითხთა შორის, რომელიც მან მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დადებითი შედეგის იმედი გამოთქვა.
"ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ შედეგის მიღწევას, რათა ის [შეთანხმება] კიდევ ორი თვით მაინც გავაგრძელოთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
"მარცვლეულის ინიციატივაზე" მოლაპარაკებები სტამბოლში 11 მაისს გაგრძელდება.