ჩეხეთი მხარს უჭერს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას

ჩეხეთმა არაერთხელ დააყენა საკითხი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ და აგრძელებს ამ პოზიციის დაცვას. ამის შესახებ 10 აგვისტოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპასკიმ განაცხადა, იტყობინება Novinky.cz.

"ჩეხეთმა არაერთხელ წამოჭრა ეს საკითხი ბრიუსელში შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრის და ჩემ დონეზე და ვისწრაფვით მთელი ევროკავშირის კოორდინირებული მიდგომისკენ. ჩვენ პირველებმა მივიღეთ ეს ღონისძიება და ვცდილობთ ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს გამართლებული და ეფექტური ღონისძიებაა. რუსული აგრესიის დროს, რომლის დეკლარირებული საზღვრებიც მუდმივად იცვლება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვეულებრივ ტურიზმზე საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, საუბარია უსაფრთხოებაზეც.

ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთმა რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა 25 თებერვალს შეწყვიტა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს. გამოცემა იტყობინება, რომ აკრძალვა კვლავ ძალაშია, გარდა ჰუმანიტარული ვიზებისა, რომლებიც გაიცემა რუსეთის მოქალაქეებზე, მაგალითად, თუ მათ რუსეთის ფედერაციაში თავიანთი შეხედულებების გამო დასჯა ემუქრებათ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აგვისტოს ბოლოს ის კიდევ ერთხელ დააყენებს ამ საკითხს პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები