ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთი "ისლამურ სახელმწიფოს" შეადარა

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა რუსეთი "ისლამურ სახელმწიფოს" შეადარა. პაველმა კომენტარი გააკეთა გახმაურებულ ვიდეოზე, სადაც ნაჩვენებია უკრაინელი სამხედროსთვის თავის მოკვეთა. ამის შესახებ ČTK 12 აპრილს წერს.

ამავდროულად, პაველის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა ვერ გადამოწმდება, ამიტომ მას ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

"თუ ეს დადასტურდება, ის რუს ჯარისკაცებს 'ისლამური სახელმწიფოს' გვერდით დააყენებს, რაც ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, პაველმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, არსებობს უამრავი დოკუმენტირებულად დადასტურებული ფაქტი, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის და რისთვისაც დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

რუსულმა ტელეგრამის არხებმა 11 აპრილის, საღამოს, უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეოს გავრცელება დაიწყეს.

მომხდარს მოკლე ფრაზით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი: "ყველაფერზე იქნება პასუხი და პასუხისმგებლობა."

მსგავსი სიახლეები