ჩერნიჰივში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 60

რუსეთის არმიის მორიგ სარაკეტო დარტყმას უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაჭრილია 60. დაჭრილთა შორის 3 არასრულწლოვანია. 

სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. 

დაღუპულებს შორისაა 25 წლის პოლიციის ლეიტენანტი, ალინა ნიკოლაეცი, რომელიც სარაკეტო შეტევის მომენტში სახლში იმყოფებოდა - ნიკოლაეცი რაკეტის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. 

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის სამიზნე სასტუმროს შენობა იყო, რომელიც რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს. დაზიანებები მიიღო მიმდებარე შენობებმაც, მათ შორის საავადმყოფომაც. 

ჩერნიჰივის მერის, ალექსანდრ ლომაკოს ცნობით, ჯამში დაზიანებულია 16 შენობა, ასევე არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც, რომელთა რაოდენობის შესახებაც ინფორმაცია ზუსტდება. 

კონტექსტი 

დილის საათებში უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. საოკუპაციო არმიამ ქალაქ ჩერნიჰივის მიმართულებით 3 რაკეტა გაისროლა. 

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსებით განხორციელდა. 

 

მსგავსი სიახლეები