ჩინეთი და უნგრეთი "სტრატეგიულ პარტნიორობაზე" შეთანხმდნენ
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 9 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსები ორ ქვეყანას შორის "ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე" შეთანხმდნენ.
ჩინეთის დელეგაციის უნგრეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა "რამდენიმე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას." როგორც სააგენტო dpa აღნიშნავს, უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზია, რომელიც ცერემონიაზე დასწრების უფლებამოსილი ერთადერთი უნგრული მაუწყებელი იყო, დეტალებს არ აკონკრეტებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ყოველთვის მეგობრობდა და ჩინური კომპანიები უნგრეთში ათიათასობით სამუშაო ადგილს ქმნიან. სი ძინფინგმა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრა.
"ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრობა მყარ საფუძველს ეფუძნება," - თქვა მან.
ორბანმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მომავალში თანამშრომლობა სურს ატომურ ინდუსტრიაში, მაგრამ "ეს ამ დრომდე არ მომხდარა."
ჩინეთი 350 კილომეტრიან სარკინიგზო ხაზს აშენებს ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის, რომელიც დაფინანსებულია ჩინური სესხებით, ხოლო თავად უნგრეთში ქარხნებს აშენებს ელექტრომობილებისა და აკუმულატორების წარმოებისთვის.
ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი უკვე ეწვია პარიზსა და ბელგრადს.