ჩინეთის ელჩი EU-ში: რუსეთთან უსაზღვრო მეგობრობის შესახებ განცხადებები რიტორიკაა
ევროკავშირში ჩინეთის ელჩის თქმით, კრიტიკოსები არასწორად ინტერპრეტირებენ 2 ქვეყნის ლიდერის განცხადებებს უსაზღვრო მეგობრობასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ფუ ცუნმა ემანუელ მაკრონსა და სი ძინფინგს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. დიპლომატის სიტყვებს New York Times ავრცელებს. ემანუელ მაკრონთან ერთად ჩინეთში იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.
"უსაზღვრო მეგობრობის შესახებ მხოლოდ რიტორიკა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ომს უკრაინაში",- განაცხადა ფუ ცუნმა.
ელჩმა განმარტა, რომ ჩინეთი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უარს ამბობს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერაზე.
ფუ ცუნის თქმით, დასავლელი ლიდერები ომის მიზეზებზე საუბრისას ცდილობენ ვითარება გაამარტივონ, როცა კონფლიქტის საწყისი მიზეზები ბევრად უფრო რთული და მრავალმხრივია. ელჩის თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ სახალხო რესპუბლიკას ამ დრომდე არ დაუგმია სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
კონტექსტი
უსაზღვრო მეგობრობის შესახებ რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი განცხადება 2022 წლის 4 თებერვალს სი ძინფინგისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2 ქვეყანას შორის არ არსებობს თანამშრომლობის აკრძალული სფეროები და რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ჩრდილ-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას.