ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სი ძინფინგის ვიზიტის მოსამზადებლად ვაშინგტონს ეწვევა - WSJ
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი, სავარაუდოდ, ამ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა, რათა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა მოამზადოს.
ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, სი ამ კვირაში ვანგ ის ვაშინგტონში გაგზავნის, რათა ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვიზიტის მოსამზადებლად შეხვდეს.
ასევე ამ კვირაში, ჩინეთის ბიზნესის, კულტურისა და სპორტის მოღვაწეების დელეგაცია ნიუ-იორკში ჩავა, რათა მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებში.
იმავდროულად, ხუთშაბათს, ორივე ქვეყნის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჯგუფმა გამართა ოთხსაათიანი ვირტუალური მოლაპარაკებები, რომელშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი თანამდებობის პირი ლიუ ძიანჩაო მონაწილეობდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ვერ განიხილავს დღის წესრიგს, მაგრამ აღნიშნა, რომ ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერები შეთანხმდნენ ხალხთა ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინფინგის შეხვედრის დაგეგმვა დაიწყო.