ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში ანტი-სამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს - რა ვიცით
ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში ანტი-სამთავრობო პროტესტები მიმდინარეობს, მოქალაქეების უკმაყოფილება მმართველი პარტიის პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც "კოვიდის ნულოვანი ტოლერანტობის" სახელით არის ცნობილი და ამ დრომდე მასობრივ ჩაკეტვებს და შემზღუდავ ზომებს ითვალისწინებს.
მიმდინარე უქმეების განმავლობაში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა დედაქალაქ პეკინში, უმსხვილეს საპორტო ქალაქ შანხაიში, აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ ნანკინში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული არავერიფიცირებული ვიდეოების მიხედვით, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის პროვინცია ჰუბეის დედაქალაქ ვუჰანში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის ადგილად მიიჩნევა.
რა ხდება
თავის მხრივ პროტესტებს წინ უძღოდა ეთნიკური უიღურებით დასახლებულ სინძიანის დედაქალაქ ურუმჩიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა - ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრის დროს 10-მდე მოქალაქე დაიღუპა.
ამ უბნის მაცხოვრებლები ბოლო 100 დღის განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კომენტარების მიხედვით, ხანძრის დროულად ლიკვიდაცია სწორედ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა.
სოციალურ ქსელში ქალაქ შანხაიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ დემონსტრანტები კოვიდ რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ. სავარაუდოდ საპროტესტო გამოსვლებს შანხაიში სტიქიური ხასიათის აქვს და ურუმჩის ხანძარში დაღუპულთა სპონტანური მემორიალიდან დაიწყო, სადაც მოქალაქეები დაღუპულთა ხსოვნისთვის სანთლებს ანთებდნენ.
შანხაიში გადაღებულ კადრებზე ჩანს როგორ უერთდებიან დემონსტრანტებს ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც თავიდან არ მონაწილეობდნენ დემონსტრაციაში. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ დემონსტრანტები სი ძინფინგის გადადგომასაც ითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს პეკინის იმ უბნებშიც, რომლებიც ამ დრომდე უმკაცრესი რეგულაციების პირობებში ცხოვრობენ - სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს როგორ გამოდიან დახურული შენობებიდან მოქალაქეები, რომლებიც რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლებში ჩაერთნენ პეკინის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებად მიიჩნევა, მათ შორის საპროტესტო გამოსვლა გაიმართა ცინხუას უნივერსიტეტთანაც.
გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ უნივერსიტეტების ადმინისტრაცია დემონსტრანტებს დაშლისკენ და კამპუსში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, თუმცა წარუმატებლად.
კოვიდ რეგულაციების გარდა ბევრ ადგილას დემონსტრანტები მთავრობის ცენზურასაც აპროტესტებენ, ხშირად დემონსტრანტები გამოდიან ცარიელი ან ერთი ფერის ტრანსპარანტით, რაც სწორედ ცენზურით უკმაყოფილებას გამოხატავს.
თვითმხილველების თქმით სტუდენტები სკანდირებდნენ "დემოკრატია და კანონის უზენაესობა",- ამას ადასტურებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიც.
კონტექსტი
თავის მხრივ კომპარტიის ურუმჩის უჯრედში, გამართული პროტესტების შემდეგ განაცხადეს, რომ "კოვიდის გავრცელების დაბალი რისკის გამო ქალაქი ეტაპობრივად დაუბრუნდებოდა ნორმალურ ცხოვრებას".
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მასობრივი ანტი-სამთავრობო გამოსვლები თანაც რამდენიმე ქალაქში ერთდროულად უიშვიათესი მოვლენაა. საპროტესტო გამოსვლები მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ დემონსტრაციები ნაციონალისტურ ხასიათს ატარებს, მაგალითად როგორც ანტი-იაპონური გამოსვლების შემთხვევაში.
მოსახლეობის უკმაყოფილება განგრძობით კოვიდ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც "კოვიდის ნულოვანი ტოლერანტობის" სახელით არის ცნობილი და რომელიც სი ძინფინგის პერსონალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევა.
პანდემიის პირველ ეტაპზე ჩინეთში დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა მართლაც ეფექტურად იმუშავა და ვირუსის გავრცელებაც მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ვირუსის ახალი შტამების პარალელურად აღმოჩნდა, რომ ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია.
ვირუსის ხელახალი გავრცელების ფონზე სი ძინფინგმა ძველი სტრატეგია შეინარჩუნა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის უმკაცრესი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობდა თითქმის სამი თვის განმავლობაში სახალხო რესპუბლიკის უმსხვილესი საპორტო ქალაქი, შანხაი.
ამგვარმა შეზღუდვები სოციალური უკმაყოფილების გარდა უარყოფითად აისახა ეკონომიკურ ზრდაზეც და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2-3%-ის ფარგლებში დარჩება.
მზარდი უკმაყოფილების ფონზე ცენტრალურმა მთავრობამ შეზღუდვების ოპტიმიზაციისა და შემსუბუქების გადაწყვეტილების შესახებ ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა კოვიდის შემთხვევების ზრდის ფონზე ადგილობრივი ხელისუფლება მყისიერად მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.
მიუხედავად ამისა, ოფიციალური მონაცემებითაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება და მხოლოდ შაბათს 40 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
არაერთი მიმომხილველი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებს 1989 წლის ტიანანმენის მოედანზე განვითარებულ პროტესტებს ადარებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც ქვეყნის დემოკრატიზაცია იყო.
მაშინ ტიანანმენზე განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა მონაცემებით 3 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.