ჩინეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული ორი კანადელი გაათავისუფლა
ჩინეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულმა კანადის ორმა მოქალაქემ პეკინი 25 სექტემბერს დატოვა. მაიკლ კოვრიგი და მაიკლ სპავორი სამშობლოს თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ დაუბრუნდნენ.
ჩინეთის ხელისუფლება კანადელების საპყრობილიდან გათავისუფლებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც კანადის მთავრობამ მენგ ვანჭოუს - ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ის ფინანსური მენეჯერის - ექსტრადიცია მოახდინა.
როიტერსის ცნობით, ორმხრივ ექსტრადიციას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა, რომელშიც ამერიკელი სამართალდამცავებიც იყვნენ ჩართული.
კოვრიგი და სპავორი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს „ჩინეთის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობისთვის“.
მათ დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე კანადელმა სამართალდამცავებმა ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტში ვანჭოუ დააპატიმრეს, რომელიც აშშ-ში საბანკო თაღლითობაში იყო ბრალდებული.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კოვრიგმა და სპავორმა „წარმოუდგენლად მძიმე განსაცდელი გამოიარეს“.
„თქვენ დაუჯერებელი სიმტკიცე, გამძლეობა და შეუპოვრობა გამოიჩინეთ“ - ასე მიმართა კანადის ლიდერმა ახლად დაბრუნებულ თანამოქალაქეებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა პრეს-სპიკერმა Huawei-ს მენეჯერს „პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“ უწოდა და უარყო მენგისა და კანადის ორ მოქალაქეს დაკავებებს შორის კავშირი.
"კოვრიგი და სპავორი ჩინეთის ხელისუფლებამ მათი გაუარესებული სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, გირაოთი გაათავისუფლაო", - დასძინა მან.
კომენტარის ნაცვლად: „ორი მაიკლის“ საგა
ბოლო დროს გახმაურებულ ცოტა საქმეს თუ ჰქონია ისეთი გეოპოლიტიკური დატვირთვა, როგორც ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებული ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილის, მენგ ვანჭოუს დაკავებას.
აშშ-მ, რომელიც ჩინურ სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სულ უფრო და უფრო მეტ საფრთხეს ხედავს, ვანჭოუს ბრალი ირანის სანქციების რეჟიმის დარღვევაში წაუყენა (ვანჭოუმ საპროცესო შეთანხმების ნაცვლად ბრალი ნაწილობრივ აღიარა).
ამერიკელი სამართალდამცავების ქმედებამ ჩინეთის მყისიერი რეაქცია გამოიწვია, რომელიც აშშ-ს ჩინური კომპანიების შევიწროებაში ადანაშაულებს.
ნიშანდობლივია, რომ ამერიკულ-ჩინურ ჯახში, რომელიც სულ უფრო ფართო ხასიათს იღებს, გარეული აღმოჩნდა გეოპოლიტიკურ არენაზე ნაკლებად „კადნიერი“ კანადა. ორი მაიკლის დაპატიმრება კანადაში ჩინეთის მიერ მძევლების აყვანად აღიქვეს, რამაც ოტავა ჩინეთის აქტიური „შეკავების“ მომხრეთა ბანაკისკენ (აშშ, იაპონია, ინდოეთი, ავსტრალია) უბიძგა.
ორმხრივმა ექსტრადიციამ ბევრს „ცივი ომის“ დროს დასავლელი და საბჭოთა ჯაშუშების გაცვლა გაახსენა, რაც ორ სუპერძალას შორის დაძაბულობის განმუხტვის მექანიზმად იქცა. ჩინეთის „მძევლების დიპლომატიამ“ ნაყოფი გამოიღო - მენგი თავისუფალია - რაც ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ „ორი მაიკლის“ საგას გაგრძელება ექნება.