დალია გრიბაუსკაიტე ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატად განიხილება
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პოტენციურ შემცვლელად განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico Europe ავრცელებს.
სტოლტენბერგი ამ პოსტზე 2014 წლის ოქტომბერში დაინიშნა და 2022 წლის სექტემბრამდე იმუშავებს. მისი შემცვლელი ოფიციალურად მომავალ წელს დასახელდება.
Politico Europe-ის ცნობით, პოტენციურად კანდიდატებად მოიაზრებიან ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ესტონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.
ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ნატოს გენერალური მდივნის დანიშვნა მკაცრი მესიჯი იქნება რუსეთისთვისაც.
დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტი ორი ვადით, 2009-2019 წლებში იყო. ის რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციებით გამოირჩეოდა.
უკრაინასთან საომარი მოქმედებებისას მან რუსეთს “ტერორისტული სახელმწიფო” უწოდა.