დანილოვი: თუ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს რუსეთის დასასრული იქნება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნამდვილად არ გამოიყენებს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს. მაგრამ აგრესორი ქვეყნის მიერ ტაქტიკური იარაღის გამოყენებაც კი გადამწყვეტი იქნება რუსეთის არსებობისთვის. ამის შესახებ მან "Настоящее время"-თან 28 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა.

"თუნდაც მან გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ეს იქნება რუსეთის ფედერაციის დასასრული", - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, თუ რუსეთი მაინც განახორციელებს ბირთვულ დარტყმას, ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება პროცესი, რომლის მიზანიც იქნება რუსეთის ფაქტობრივი იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან.

"იქნება ანკლავი, მსოფლიოს ცალკე სეგმენტირებული ნაწილი, რომელთანაც არავის მოუნდება საქმის დაჭერა, მათ შორის ჩინელებსაც", - იწინასწარმეტყველა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

27 სექტემბერს "Радіо Свобода"-სთან ინტერვიუში დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება არ შეაჩერებს უკრაინას, რომელიც ამ შემთხვევაში გააგრძელებს თავისი ტერიტორიის დაცვას.

მან დასძინა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატმა შეიმუშავა დეტალური ინსტრუქციები მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და მის გამოქვეყნებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

მსგავსი სიახლეები