დასავლეთის სათანადო დახმარებით უკრაინას შეუძლია ომში გაიმარჯვოს - RUSI
დასავლეთის შესაბამისი და უწყვეტი მხარდაჭერის პირობებში უკრაინას შეუძლია მიმდინარე ომში გაიმარჯვოს, თუმცა ამას მძიმე ბრძოლები დასჭირდება.
ამის შესახებ ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ მომზადებულ ვრცელ კვლევაშია საუბარი.
აღნიშნული ნაშრომის ავტორები არიან RUSI-ს უფროსი მკვლევარები, ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ყოფილი უფროსი, ალექსანდრ დანილიუკი და უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ძალების ყოფილი მეთაური, მიხაილო ზაბროდსკი.
აღნიშნული ნაშრომი უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე ვრცელი აკადემიური ნაშრომია, რაც ამ დრომდე გამოქვეყნებულა.
ანგარიშის ავტორებმა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ შეგროვილ ოპერატიული მონაცემებზე დაყრდნობით გააანალიზეს მიმდინარე ომის მონაკვეთი 24 თებერვლიდან პირველ ივლისამდე პერიოდში და წარმოადგინეს ამ მოვლენებიდან გამოსატანი მთავარი გაკვეთილები.
კვლევის ავტორების ცნობით, უკრაინაში შეჭრის გეგმა უკიდურესად ვიწრო გარემოში შემოშავდა და მის შექმნაში უმთავრესად მონაწილეობდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, (ФСБ) თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები.
უკრაინაში შეჭრის გეგმის შესახებ არაფერი იყო ცნობილი რუსეთის გენერალური შტაბის სამმართველოს უფროსის მოადგილეების დონეზეც კი.
რუსეთის თავდაპირველი გეგმით უკრაინული არმია 10 დღეში უნდა დამარცხებულიყო, ხოლო უკვე აგვისტოსთვის ქვეყნის ანექსია უნდა დასრულებულიყო. ამ გეგმაზე სხვა მონაცემების გარდა, კიევის შემოგარენში დამარცხებული რუსული დანაყოფების შტაბებში აღმოჩენილ დოკუმენტებშია საუბარი.
ამ გეგმის მთავარი მიზანი უკრაინის შეცდომაში შეყვანა და კიევის მიმართულებით ცოცხალ ძალაში დამანგრეველი უპირატესობის უზრუნველყოფა იყო - რუსებს სურდათ უკრაინის არმიის უდიდესი ნაწილი დონბასში დაეკავებინათ, რის ფონზეც დედაქალაქის მიმართლებით 12:1-ზე უპირატესობას გაინაღდებდნენ.
თავდაპირველად უკრაინის არმიის მოსამზადებელი სამუშაოების უდიდესი ნაწილიც სწორედ დონბასის დაცვაზე იყო აგებული - უკრაინის გენშტაბში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიჩნევდნენ, რომ ოკუპანტების შეტევის ძირითადი ხაზი სწორედ დონბასისკენ იქნებოდა მიმართული. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში ფიქრობდნენ, რომ რუსებს არ ყავდათ მობილიზებული საკმარისი ძალები მთელი ქვეყნის ოკუპაციისთვის.
უკრაინელებმა დედაქალაქზე შეტევისთვის მზადება ომის დაწყებამდე 72 საათით ადრე დაიწყეს, სწორედ ამ დროს დაიწყო შეიარაღების საწყობების, მობილური თავდაცვის სისტემების და სამხედრო ავიაციის გადამალვა.
კვლევის ავტორების ცნობით, რუსეთმა შეძლო დასახული უპირატესობის უზრუნველყოფა და გარდა ამისა პირველ 24 საათში ოკუპანტების ავიციამ უკრაინის სტატიკური საჰაერო თავდაცვის სისტემების 75% გაანადგურა.
რუსეთის მთავარი ჩავარდნა ავტორების აზრით სარეზერვო გეგმის არარსებობა იყო, ხოლო უკრაინის მზარდი მობილიზაციის ფონზე რუსების პოზიციები დედაქალაქის ირგვლივ განუხრელად სუსტდებოდა.
თავის მხრივ კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ დედაქალაქის დაცვაში გადამწყვეტი როლი იმ ორმა საარტილერიო ბრიგადამ შეასრულა, რომელიც პირველ დღეებში რუსების პოზიციებს განუწყვეტლივ ბომბავდა. ავტორები მიუთითებენ, რომ ომის პირველი 30 დღის განმავლობაში უკრაინა ინარჩუნებდა პარიტეტს საარტილერიო სიმძლავრის კუთხით.
დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსეთის არმიის ტაქტიკური მომზადებისა და კომპეტენტურობის დონე საგრძნობლად უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას დასავლელი და უკრაინელი დამკვირვებლები პროგნოზირებდნენ.
მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღება მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, ხოლო რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს არსებითი პოტენციალი გააჩნიათ.
კვლევის ავტორები გამოყოფენ 5 საკვანძო მიმართულებას, რომელზეც დაკვირვებითაც შეიძლება დავაკვირდეთ რამდენად წარმატებულია რუსეთის არმიის მოქმედებები უკრაინაში:
- ამ დროისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები გაერთიანებების იერარქიით მოქმედებენ, რომელშიც სახმელეთო ჯარების მოთხოვნები და საჭიროებები პირველადი მნიშვნელობისაა. ამ ფონზე კი სამხედროები ჯამურად სპეცსამსახურებს ემორჩილებიან;
- რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირების მოდელი მცდარია - ეს მოდელი ითვალისწინებს ზოგად-საარმიო დაჯგუფებების ჩამოყალიბებას ომის დროს, თუმცა რუსეთს არ ჰყავს უმცროსი საოფიცრო შემადგენლობა ამ დანაყოფების შესაკრავად;
- მცდარი გადაწყვეტილებები მეორდება ყოველ ჯერზე, სანამ შესაბიმისი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება უფრო მაღალ დონეზე. ადგილზე მყოფი მეთაურები მიღებული ბრძანების არაეფექტურობის მიუხედავად ყოველ ჯერზე უყოყმანოდ იმეორებენ შეცდომებს, სანამ შესაბამის ბრძანებას ზემდგომის რგოლიდან არ მიიღებს;
- რუსეთის შეიარაღებული ძალები მოწყვლადია საინფორმაციო დივერსიების მიმართ, მათ უჭირთ მიღებული ინფორმაციის სინთეზი და ანალიზი, თავის მხირვ ზემდგომი მეთაურები არ აძლევენ სრულ ინფორმაციას იმ სამხედროებს, რომლებმაც ეს ბრძანება უნდა აღასრულონ;
- რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოვლინდა ფუნდამენტური პრობლემები ე.წ. მეგობრული ცეცხლის მიმართ, ხოლო რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდები ამ პრობლემას იშვიათად აგვარებს;
თავის მხრივ ავტორები აღნიშნავენ, რომ მომავალში კვლევის მეორე ნაწილი ომის შემდგომ ფაზას შეეხება. ომის მომავალთან დაკავშირებით კვლევის ავტორები წერენ - "უკრაინის გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ ეს მოითხოვს მძიმე ბრძოლებს, სათანადო მხარდაჭერით უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს".