დასავლური იარაღის შეფერხების გამო უკრაინის კონტრშეტევა ამ ზამთარში შეიძლება არ შედგეს - ISW
შორ დისტანციაზე მოქმედი დასავლური საარტილერიო სისტემების, საჰაერო თავდაცვისა და ტანკების გადაცემის მოლოდინმა უკრაინას უფრო დიდი კონტრშეტევის შესაძლებლობა შეუზღუდა. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 29 იანვარს ოპერატიულ ანალიზში წერს.
ინისტიტუტი წერს, რუსული არმია დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში შეტევებს აძლიერებს და ემზადება ლუგანსკში შეტევის დასაწყებად. ამ ფონზე, უკრაინას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ზამთრისთვის დაგეგმილი კონტრშეტევა, რაც გარკვეულწილად შეამსუბუქებს დასავლეთის მიერ საჭირო დახმარების გაწევის შეფერხების შედეგებს.
"როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს მოუწევთ კონტრშეტევა გაზაფხულის დათბობის სეზონზე დაგეგმონ, რომელიც სავარაუდოდ მარტსა და აპრილში იქნება, რაც ართულებს, თუ არა შეუძლებელს ხდის, სწრაფი მექანიზებული კონტრშეტევისთვის. უკრაინას შესაძლოა გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისამდე მოცდა მოუხდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი ძალისხმევის განახლებამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
ინსტიტუტის ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად საკმარისი რაოდენობით დასავლური ტანკების ჩამოსვლამდე, შეიძლება მრავალი კვირის განმავლობაში ლოდინი დასჭირდეს.
"რუსეთის ამჟამინდელი და დაგეგმილი შეტევები, სავარაუდოდ, გადამწყვეტი წარმატებების მიღწევის გარეშე დასრულდება და, შესაბამისად, ხელსაყრელი პირობები შეიქმნება უკრაინული კონტრშეტევისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლური ტანკები უკრაინაში ჩავლენ. ISW ისევ მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები არსებული და დაპირებული მხარდაჭერით, ეს არის ეროვნული ინტერესის საკითხი შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის." - აცხადებენ ანალიტიკოსები.