დემოკრატი სენატორი კოლეგების ჯგუფს კრებს, რათა ბაიდენს მოუწოდოს კანდიდატურა მოხსნას

ამერიკელი სენატორი მარკ უორნერი მუშაობს დემოკრატ სენატორების ჯგუფის შეკრებაზე, რათა გაავრცელონ ერთობლივი მიმართვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, რომ მან კანდიდატურა მოხსნას.

უორნერის ოფისი არ ადასტურებს ან უარყოფს The Washington Post-ის ინფორმაციას, რომელშიც წყაროდ მოხსენიებულია ორი ადამიანი, რომელთაც უშუალო ინფორმაცია აქვთ.

"როგორც ბევრ სხვა ადამიანს ვაშინგტონში და მთელ ქვეყანაში, სენატორ უორნერს სჯერა, რომ ეს არის კრიტიკული დღეები საპრეზიდენტო კამპანიისთვის და მან ეს ნათლად განუცხადა თეთრ სახლს," - აღნიშნა გამოცემასთან უორნერის სპიკერმა რეიჩელ კოენმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა სენატორებს მოუწოდა მოიცადონ და რაიმე ნაბიჯი არ გადადგან, ვიდრე არ ჩატარდება მეტი საზოგადოებრივი აზრის კვლევა ბაიდენისა და პარტიის პოზიციის შესახებ.

განხილულ პერსპექტივებს შორის არის სენატის დემოკრატებისა და ბაიდენის შეხვედრა, სადაც კანონმდებლებს საშუალება ექნებათ თავიანთი შეშფოთება გამოხატონ.

კონტექსტი

29 ივნისს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენის შორის გამართული საპრეზიდენტო დებატების პირველი რაუნდი უკანაკსნელისთვის კატასტროფულად დასრულდა. ტელემაყურებლებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობამ ტრამპს დამაჯერებელი გამარჯვება მიანიჭა.

მალევე დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებსა და დონორებს შორის ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ. ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა New York Times-ის რამდენიმე კოლუმნისტმა, მათ შორის ჯო ბაიდენის მეგობარმა, ტომას ფრიდმანმა, ასევე პოლ კრუგმანმა, ფრენკ ბრუნიმ. გარდა ამისა, ცალკე გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორთა საბჭოს წერილი, რომელშიც ჟურნალისტები მოუწოდებდნენ ბაიდენს გზა ახალგაზრდა დემოკრატისთვის დაეთმო.

თავად ბაიდენმა, დებატების შემდგომ დღეს აღიარა, რომ არ ჰქონდა ყველაზე წარმატებული საღამო, თუმცა დასძინა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში ბოლომდე დარჩება. ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწებენ ბაიდენს ოჯახის წევრებიც.

3 ივლისს, New York Times ბაიდენის გარემოცვის ახლო წევრზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტი განიხილავს კანდიდატურის მოხსნას და მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მომდევნო დღეები იქნება.

მსგავსი სიახლეები