დენისოვა: ყირიმში ოკუპანტები ყირიმელი თათრების სკოლის დახურვას აპირებენ

ოკუპირებულ ყირიმში, ესკი ყირიმში რუსები ყირიმელი თათრების სკოლის დახურვას გეგმავენ. ამის შესახებ 24 აპრილს ფეისბუქზე უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

"რუსეთის ფედერაცია არღვევს მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ქალაქ ესკი ყირიმში (ძველი ყირიმი) რუსეთის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო ადმინისტრაცია გეგმავს საბჭოთა კავშირის გმირის, ამეთ-ხან სულთანის სახელობის N2 საჯარო სკოლის დახურვას", - წერს ის.

ომბუდსმენის განცხადებით, ყირიმელი თათრული სკოლის ბერძნულ საქალაქო სკოლასთან "შერწყმა" იგეგმება.

მისი თქმით, ამ საკითხზე შეხვედრა უკვე გაიმართა, მაგრამ "მშობლებმა გადაწყვიტეს იბრძოლონ სასწავლო დაწესებულების შესანარჩუნებლად".

"რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია მოქალაქეთა უფლებების უზრუნველყოფაზე და დაცვაზე, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების და კულტურული იდენტობის შენარჩუნებაზე", - აღნიშნა დენისოვამ.

მსგავსი სიახლეები