დღეს შვედეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა
დღეს, 7 მარტს შვედეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი სახელწიფო.
ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში გამოაცხადებს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს ალიანსს - "შვედეთი ძლიერი დემოკრატიაა, მძლავრი შეიარაღებული ძალებით, რომელიც იზიარებს ჩვენს ფასეულობებს."
გამოცხადების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება შვედეთის პრემიერი, ულფ კრისტენსონი.
კონტექსტი
თებერვლის მიწურულს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა - უნგრეთი ალიანსის წევრი ბოლო სახელმწიფო იყო, რომლის თანხმობაც იყო საჭირო ფორმალურად პროცესის დასასრულებლდა.
შვედეთმა და ფინეთმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების სურვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გამოთქვეს და უკვე 2022 წლის მაისში ოფიციალური განაცხადიც გააკეთეს.
ფინეთის გაწევრიანების პროცესი გასული წლის აპრილში დასრულდა. ფინეთის გაწევრიანებით ნატო-რუსეთის საერთო საზღვარი 1340 კილომეტრით გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა.
შვედეთს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, მაგრამ ზღვის გავლით სიახლოვის გათვალისწინებით, Financial Times-ის ცნობით, ალიანსისა და რუსეთის ომის შემთხვევაში შვედეთი დასავლელი მოკავშირეების ლოჯისტიკური ცენტრი იქნება.
მეზობელი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რუსეთისგან, რომლის წლებია ირწმუნება, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება და უკრაინის პოტენციური გაწევრიანებაა.
მიუხედავად ამისა, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ კრემლის რიტორიკა მეტად რბილია - "ეს არ წარმოადგენს ჩვენთვის პირდაპირ საფრთხეს",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის მაისში.