დიდ ბრიტანეთში რკინიგზის მუშები გაიფიცნენ

დიდ ბრიტანეთში რკინიგზის მუშაკთა გაფიცვა დაიწყო და ხუთ დღეს გაგრძელდება.

ამ ინფორმაციას, სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.

ბრიტანეთის სარკინიგზო, საზღვაო და სატრანსპორტო გაერთიანება RMT-მ ორი 48-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა, რომელიც 3 და 6 იანვარს დაიწყება.

პროტესტის ფარგლებში, დაახლოებით 40,000 ადამიანი არ მივა სამსახურში, რაც გავლენას მოახდენს ბრიტანეთის სარკინიგზო ქსელის უმეტეს ნაწილზე და მატარებლების მხოლოდ 20%-ს შეეძლება მუშაობის გაგრძელება.

ამ ორ პროტესტს შორის, 5 იანვრიდან, კიდევ ერთი სარკინიგზო პროფკავშირი, Aslef გაიფიცება.

ბრიტანულმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორმა Network Rail-მა მოქალაქეები "სერიოზული შეფერხებების შესახებ" გააფრთხილა და მოუწოდა, რომ მხოლოდ " გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში" იმგზავრონ.

დიდ ბრიტანეთში გაფიცვები თვეების განმავლობაში გრძელდება. გაფიცულები ხელფასების გაზრდას ინფლაციის შესაბამისად ითხოვენ, რადგანაც ინდუსტრიაში, არაერთი მუშის ხელფასის ინდექსაცია,  ბოლო სამი წლის განმავლობაში არ მომხდარა. ამას გარდა, მათ სამუშაო პირობების შეცვლა სურთ.

RMT პროფკავშირის ხელმძღვანელმა მიკ ლინჩმა თქვა, რომ მთავრობა დეკემბრის შეხვედრის შემდეგ "დუმდა". ტრანსპორტის სამინისტრომ უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ მინისტრი "რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებდა ყველა მხარესთან" და "მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შეთანხმების მისაღწევად."

ლინჩის თქმით, თუ რკინიგზა მთავრობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, აქციები კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები