დიდი შვიდეული რუსეთში ექსპორტის თითქმის მთლიან აკრძალვას განიხილავს - Bloomberg
უკრაინის საკვანძო მოკავშირეები, მათ შორის აშშ-ც განიხილავს რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულად აკრძალვის შესაძლებლობას.
ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, აღნიშნული იდეა დიდი შვიდეულის სამიტის მოახლეობის კონტექსტში განიხილავენ, რომელიც 18 მაისს იაპონიაში აიღებს სტარტს. ერთ-ერთი ვერსიით მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებას დიდი შვიდეულის ფორმატში მიიღებენ, იგივე ზომებს მიმართავენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც.
Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ნაბიჯი ამოაყირავებს სანქციების არსებულ რეჟიმს - აიკრძალება თითქმის ყველაფრის ექსპორტი, დაშვებული პროდუქტების მცირე ჩამონათვალის გარდა.
ამ დროისთვის მოქმედი სანქციები კი საპირისპირო პრინციპით მოქმედებს - შესაძლებელია ყველაფრის ექსპორტი გარდა სანქცირებული ტვირთებისა.
თუ კი მხარეები საკითხზე თანხმობას იაპონიის სამიტზე მიაღწევენ, მოსალოდნელია, რომ იქვე შეთანხმდებიან ექსპორტისთვის დაშვებული ტვირთების ჩამონათვალზეც. მოსალოდნელია, რომ შეზღუდვები არ შეეხება სამედიცინო პრეპარატებს და სურსათს.
კონტექსტი
რამდენიმე დღის წინ Financial Times წერდა, რომ მაღალი ალბათობით ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ახალ პაკეტს აღარ დაუწესებს და სანაცვლოდ სანქცირებულ პირთა წრის გაფართოებით და გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვით შემოიფარგლებიან.