დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
დნიპროში მაღალსართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა. ამ ინფორმაციას 14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ დაჭრილებს შორის - 14 ბავშვია, მათგან ყველაზე უმცროსი სამი წლისაა. 9 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა. საღამოს დაბომბვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა.
მისი თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან 38 ადამიანი გამოიყვანეს. რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ, უცნობია.
"დნიპროში ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა აგებს პასუხს. მაქსიმალურად." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კონტექსტი
14 იანვარს რუსულმა ჯარებმა უკრაინაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინისკენ 38 რაკეტა გაისროლეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს 18 Х-101-ის და Калибр-ის ფრთოსანი რკეტების, ასევე შვიდი მართვადი რაკეტა Х-59-ის ჩამოგდება.
პირველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რომელიც დილით განხორციელდა, მსხვერპლის ან დიდი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სარაკეტო თავდასხმის გამო დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები უკრაინის ექვს რეგიონში: ხარკოვში, ლვოვში, ივანო-ფრანკოვსკში, ზაპოროჟიეში, ვინიცასა და კიევში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ენერგომომარაგება ითიშება ქვეყნის რეგიონების უმრავლესობაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნგრევა დნიპროში მოხდა, სადაც რაკეტა ცხრასართულიან შენობას მოხვდა. შენობის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჭერი ჩამოინგრა, სახლთან გაჩერებულ მანქანებს კი ცეცხლი გაუჩნდა.
საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კრივოი როგშიც. ქალაქის თავზე ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაზიანდა ექვსი კერძო სახლი.