დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტს გეგმავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისთვის ემზადება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება ის.
ამის შესახებ მან პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გადამზიდავების პროტესტის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
"ჩემთვის ცოტა სისულელეა ამაზე საუბარი, რადგან მე ვიცი სიტუაცია, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა იმყოფება. არასწორია კიევში ჩახვიდე და მთელი ვიზიტი პოლონეთის სატრანსპორტო საკითხებს მიუძღვნა. მაგრამ ჩვენ ისე მოვემზადებით ამ ვიზიტისთვის, რომ პრეზიდენტთან ჩემი შეხვედრის დროს ნათელი იყოს, რისი მიღწევა გვინდა." - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ის მძღოლებს "სწორედ ომის გამო" სთხოვს არ გადაკეტონ გადასასვლელები. პრემიერმა დასძინა, რომ ვითარება დრამატულია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაამარტივოს პოლონელი გადამზიდავების ცხოვრება და ბედი.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა უახლოვდება უკრაინის რამდენიმე სასაზღვრო პუნქტთან სატვირთოების მძღოლების ბლოკადის შეწყვეტას.
კონტექსტი
პოლონელი გადამზიდავების ბლოკადა 6 ნოემბრიდან გრძელდება. 18 დეკემბერს, გადამზიდავებმა დოროგუსკ-იაგოდინის საგუშაგოს ბლოკადა მას შემდეგ განაახლეს, რაც ის ადგილობრივი ხელისუფლების აკრძალვის გამო შეწყდა.
სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქონლის ტრანსპორტირებისთვის უკრაინული კომპანიებისთვის კომერციული ნებართვების შემოღებას ითხოვენ, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა და შეიარაღების მიწოდებისა.
პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უკრაინის თემების, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, 22 დეკემბერს, კიევში გამართულ შეხვედრაზე, საზღვრის განბლოკვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.