გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკვე მისცა შესაბამისი განკარგულება მთავრობას - შეჩერდეს რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი.
ოლაფ შოლცის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებელია მთელი პროცესის გადააზრება და ამ ვითარებაში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი ვერ გაგრძელდება.
ამასთანავე, შოლცის თქმით, გერმანიამ ევროკავშირში პარტნიორებთან ერთად განიხილა სანქციების პაკეტები და მის შესახებ დღის ბოლომდე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამ დროისთვის Nord Stream 2-ის მშენებლობა დასრულებულია და დარჩენილია სასერტიფიკაციო სამუშაოები. გასულ კვირას გერმანიის რეგულატორმა განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში პროექტის სერტიფიცირება მაინც ვერ მოხდებოდა.