დუმის დეპუტატი: ლუჰანსკს და დონეცკს ადმინისტრაციულ საზღვრებში ვაღიარებთ

 

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი ლუჰანსკისა და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარებას ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში აპირებს. 

ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, დუმაში შემოტანილ კანონპროექტში საზღვრები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მისი აზრით "დადგენილებაში სიტყვა სახელმწიფოებრიობა დაფუძნებულია ძველ და ერთადერთ ჭეშმარიტ რეფერენდუმზე. 

ამავდროულად კალაშნიკოვი ამბობს, რომ მართალია დღეს სეპარატისტული რესპუბლიკები ვერ აკონტროლებენ ამ ტერიტორიების უმეტესობას, თუმცა მათ დამოუკიდებლობა სწორედ ამ ფარგლებში სურთ. 

ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებენ თუ არა კალაშნიკოვის აზრს მისი კოლეგები დუმაში. საზღვრების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა - საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის დონბასელი სეპარატისტები დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციული ტერიტორიის მხოლოდ მესამედს აკონტროლებენ. 

ამ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიის 2/3 უკრაინის ცენტრალური მთავრობის კონტროლ ქვეშაა. შესაბამისად, თუ რუსეთის დუმა მიიღებს დადგენილებას დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარების შესახებ, გამოდის რომ რუსეთის მიერ ახლად აღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიების დიდი ნაწილი უკრაინის მიერაა ოკუპირებული. 

ეს განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე საათის წინ დონბასში რუსეთმა ჯარები შეიყვანა. აღიარებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ აღიარება ფაქტობრივ, ანუ იმ საზღვრებში მოხდებოდა, რა ტერიტორიასაც სეპარატისტები დღევანდელი მდგომარეობით აკონტროლებენ. 

მსგავსი სიახლეები